ოზურგეთი 3 ივნისი, 2026

ოზურგეთის გენერალური გეგმის ფარგლებში ადგილობრივი საზოგადოების ხედვები და პრიორიტეტები შეჯამდა

ოზურგეთის ქალაქის გენერალური გეგმის მომზადების ფარგლებში 2026 წლის 20 მარტს, სასტუმრო „ოზურგეთი ინში“, გაიმართა ადგილობრივი თემის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ქალაქის განვითარების მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ხედვებისა და მოსაზრებების თავმოყრა, რაც გენერალური გეგმის ხედვის ეტაპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების, ბიზნესის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, ინფრასტრუქტურის სფეროების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები. შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით ჩატარდა და მოიცავდა პრეზენტაციას, ჯგუფურ მუშაობასა და ქალაქის სივრცით რუკაზე განვითარების იდეების აღნიშვნას. დისკუსიები მიმდინარეობდა GOST-ის მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომლის დახმარებითაც მონაწილეებმა განსაზღვრეს განვითარების მიზნები, ამოცანები, სტრატეგიული მიმართულებები და პრაქტიკული ქმედებები.

შეხვედრის შედეგებმა აჩვენა, რომ ოზურგეთის მთავარ უპირატესობებად მიიჩნევა მისი სტრატეგიული მდებარეობა, ტურისტული პოტენციალი, ბუნებრივი გარემო, კულტურული მემკვიდრეობა, აგრარული რესურსები და რეგიონული ცენტრის ფუნქცია. ამავე დროს, მონაწილეებმა მთავარ გამოწვევებად დაასახელეს ქაოტური სივრცითი განვითარება, საინჟინრო ინფრასტრუქტურის ხარვეზები, გარემოსდაცვითი პრობლემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ეკონომიკის დივერსიფიკაციის საჭიროება და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების სიმცირე.

ადგილობრივი საზოგადოების ხედვის მიხედვით, ოზურგეთი უნდა განვითარდეს, როგორც მრავალფუნქციური, თანამედროვე და მდგრადი რეგიონული ცენტრი. პრიორიტეტებად გამოიკვეთა ეკონომიკის გაძლიერება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ინტეგრირებული განვითარება, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გარემოს დაცვა, საჯარო სივრცეების განვითარება და ქალაქის ცნობადობის გაზრდა.

სამუშაო შეხვედრის შედეგები საფუძვლად დაედება ქალაქის გენერალური გეგმის მომდევნო ეტაპებს და გამოყენებული იქნება განვითარების სტრატეგიისა და პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრის პროცესში

← ყველა სიახლე