ოზურგეთის გენერალური გეგმა მზადდება სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს (SUDA) დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, „Livable Cities Investment Program (LCIP)“-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია ქალაქის მდგრადი, დაბალანსებული და გრძელვადიანი სივრცითი განვითარების დაგეგმვა, რაც მოიცავს მიწათსარგებლობისა და ფუნქციური ზონირების განსაზღვრას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მწვანე და რეკრეაციული სისტემების დაგეგმვას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებასა და პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეებისა და ადგილობრივი საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას დაგეგმვის ყველა ეტაპზე.
პროექტს ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებისგან შემდგარი კონსორციუმი. CITYFÖRSTER Architecture + Urbanism (ნიდერლანდები) წარმოადგენს კონსორციუმის ლიდერს და პასუხისმგებელია პროექტის საერთო მართვასა და ურბანული დაგეგმვის პროცესზე. BAU Design (საქართველო) წარმოადგენს ადგილობრივ პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის კოორდინაციასა და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის პროცესის განხორციელებას, ხოლო BCI Global (ნიდერლანდები) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო სტრატეგიისა და სივრცითი განვითარების ანალიზის მიმართულებით.
პროექტში ჩართულია საერთაშორისო და ადგილობრივი მრავალდისციპლინური გუნდი, რომელიც აერთიანებს ურბანული დაგეგმვის, არქიტექტურის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ეკონომიკის, GIS-ის, კულტურული მემკვიდრეობის, საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სამართლის სფეროს ექსპერტებს, სპეციალიზებულ პარტნიორ ორგანიზაციებს, მათ შორის Moby Mobility (მობილობისა და სატრანსპორტო დაგეგმვა), Address და STS- ს.