ხედვა წარმოადგენს ოზურგეთის გრძელვადიანი განვითარების საერთო შეთანხმებას, რომელიც ეფუძნება კვლევის შედეგებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს, ადგილობრივი საზოგადოების, მუნიციპალიტეტისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას. GOST-ის მეთოდოლოგიური ჩარჩოს საფუძველზე, ხედვა გარდაიქმნება ამოცანებად და შემდგომ სტრატეგიულ სცენარებად, რაც ქმნის საფუძველს ქალაქის მომავალი სივრცითი, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების თანმიმდევრული დაგეგმვისთვის.
ხედვა
ოზურგეთი გარდაიქმნება ზღვისა და მთის დამაკავშირებელ სიცოცხლისუნარიან რეგიონულ ცენტრად, რომელიც უზრუნველყოფილია ინტეგრირებული მობილობის სისტემითა და მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ადგილობრივი სერვისებით. უნიკალური სოციალურ-კულტურული იდენტობის საფუძველზე, ქალაქი განავითარებს დივერსიფიცირებულ ადგილობრივ ეკონომიკას.
რეგიონალური ინტეგრაცია & შეკავშირებულობა
ოზურგეთის სტრატეგიული მდებარეობა ქმნის საფუძველს მისი, როგორც რეგიონული მომსახურებისა და კავშირის ცენტრის, გაძლიერებისთვის. მიმართულება ითვალისწინებს ინტეგრირებული მობილობის სისტემის განვითარებას, რეგიონული და ადგილობრივი სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას, ასევე ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებული და ხელმისაწვდომი ურბანული გარემოს ჩამოყალიბებას.
ეკონომიკური რეგენერაცია & დივერსიფიკაცია
მიმართულება მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას მისი დივერსიფიკაციის გზით, აგრო-ლოგისტიკური ფუნქციების, მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნასა და დასაქმების ზრდას.
გარემოს მდგრადობა & ბუნებრივი ლანდშაფტი
მიმართულება მიზნად ისახავს ოზურგეთის ბუნებრივი გარემოსა და ლანდშაფტური ღირებულების დაცვასა და გაძლიერებას, ქალაქის ხელსაყრელი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის, მარადმწვანე ურბანული ხასიათისა და ეკოლოგიური მდგრადობის, როგორც მისი მთავარი უპირატესობების, გამოყენებით.
კულტურული მიზიდულობის ადგილი & ცოცხალი იდენტობა
მიმართულება მიზნად ისახავს გურიის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, პოპულარიზაციასა და ქალაქის იდენტობის გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის გამოყენებას ოზურგეთის კულტურული მიმზიდველობისა და იმიჯის განვითარებისათვის.
ურბანული გარემო & ცხოვრების ხარისხი
მიმართულება მიზნად ისახავს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ურბანული გარემოს ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საჯარო სივრცეების, სოციალური და მუნიციპალური სერვისების, საცხოვრებელი გარემოსა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ოზურგეთი გახდეს უფრო კომფორტული და სიცოცხლისუნარიანი ქალაქი
სტრატეგიული მიმართულება
ოზურგეთის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრავს ქალაქის გრძელვადიანი განვითარების ძირითად პრიორიტეტებს და აერთიანებს სივრცით, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით მიზნებს. ისინი ეფუძნება GOST-ის მეთოდოლოგიურ ჩარჩოს და წარმოადგენს საფუძველს ქალაქის განვითარების ალტერნატიული სტრატეგიული სცენარების ჩამოყალიბებისთვის.