ოზურგეთში ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო
2025 წლის 28 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების საწყისი შეხვედრა, რომლითაც პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო. პროექტს საქართველოს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტო ახორციელებს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და საკონსულტაციო კონსორციუმის CITYFÖRSTER, BAU Design და BCI Global წარმომადგენლები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მიზნები, სამუშაო გეგმა, ძირითადი ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ოზურგეთის განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქის, როგორც რეგიონული ცენტრისა და შავი ზღვის სანაპიროსთან დამაკავშირებელი კვანძის განვითარების შესაძლებლობებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, საინჟინრო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას, ასევე ისტორიული აბრეშუმის ქარხნისა და ანასეულის აგრარული და ბუნებრივი რესურსების განვითარების პოტენციალს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საკონსულტაციო გუნდმა ანასეულის ტყე-პარკი და აგროლაბორატორია მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო ტერიტორიის გარემოსდაცვით, სამეცნიერო და განვითარების შესაძლებლობებს. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ქალაქის ხედვისა და გენერალური გეგმის მომდევნო ეტაპების მომზადების პროცესში.