ახალციხე 12 ივნისი, 2026

ახალციხეში ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო

2025 წლის 26 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტში გაიმართა ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების საწყისი შეხვედრა, რომლითაც პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო. პროექტს საქართველოს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტო ახორციელებს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და საკონსულტაციო კონსორციუმის CITYFÖRSTER, BAU Design და BCI Global წარმომადგენლები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მიზნები, სამუშაო გეგმა, ძირითადი ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ქალაქის განვითარების მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშენებლობის მოწესრიგებას, სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას, გარემოს დაცვასა და საინვესტიციო პროექტების დაგეგმვას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე. მუნიციპალიტეტი პროექტისთვის საჭირო მონაცემებსა და მასალებს მოამზადებს, ხოლო საკონსულტაციო გუნდი დაიწყებს საველე კვლევებს, ინტერვიუებსა და სხვა სამუშაოებს, რომლებიც ქალაქის გენერალური გეგმის მომზადების საფუძველს შექმნის.

← ყველა სიახლე