ახალციხე

ხედვა და სტრატეგია

პროექტის გრძელვადიანი ხედვა და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები.

ჩამოტვირთეთ ხედვა და სტრატეგიის დოკუმენტი

ხედვის დოკუმენტი წარმოადგენს ახალციხის გრძელვადიანი განვითარების საერთო შეთანხმებას, რომელიც ეფუძნება კვლევის შედეგებს, ადგილობრივი საზოგადოების, მუნიციპალიტეტისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას. მისი მიზანია ქალაქის მომავალი სივრცითი, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების ერთიანი მიმართულების განსაზღვრა, რომელიც საფუძვლად დაედება კონცეფციის, გენერალური გეგმისა და შემდგომი განვითარების ეტაპებს.

ხედვა

ახალციხე წარმოადგენს მრავალფუნქციურ, მდგრად და სიცოცხლისუნარიან რეგიონულ ცენტრს, რომელიც აერთიანებს ისტორიულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ურბანულ განვითარებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ გარემოს

რეგიონული კეთილდღეობის წამყვანი ფაქტორი

ახალციხე უნდა განვითარდეს, როგორც სამხრეთ საქართველოს მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომელიც გააძლიერებს ლოგისტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მომსახურების სექტორებს. სტრატეგია მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქალაქის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რათა ახალციხემ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონულ განვითარებაში.

ჯანსაღი და კლიმატისადმი ადაპტირებადი ქალაქი

ახალციხეში უნდა განვითარდეს ერთიანი მწვანე-ლურჯი ქსელი, რომელიც გააერთიანებს მდინარე ფოცხოვისწყალს, პარკებს, ქუჩებსა და რეკრეაციულ სივრცეებს. კლიმატისადმი ადაპტირებული გადაწყვეტილებების დანერგვა ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო ქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის როგორც მოსახლეობისთვის, ისე ვიზიტორებისა და ბიზნესისთვის.

ტურიზმის მრავალმხრივი, ინტეგრირებული განვითარება

ახალციხე უნდა გაძლიერდეს, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც სრულად გამოიყენებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნებრივ რესურსებსა და უნიკალურ მთიან ლანდშაფტს. მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების ინტეგრირება ურბანულ განახლებასთან, რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერასთან, რაც გაზრდის ქალაქის მიმზიდველობას როგორც ვიზიტორებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და ინვესტორებისთვის.

საცხოვრებლად მიმზიდველი ქალაქი

ახალციხე უნდა განვითრდეს, როგორც სიცოცხლისუნარიანი ქალაქი, სადაც ურბანული განახლება, ხარისხიანი საჯარო სივრცეები და ეფექტიანი მიწათსარგებლობა შექმნის უსაფრთხო, კომფორტულ და მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს. არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და ქვეითად გადაადგილებაზე ორიენტირებული ურბანული განვითარება გააუმჯობესებს ყოველდღიურ ცხოვრებას და გააძლიერებს ქალაქის მიმზიდველობას როგორც მოსახლეობისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

შეუფერხებელი კავშირები ყველა დონეზე

ახალციხეში უნდა შეიქმნას ინტეგრირებული და უსაფრთხო მობილობის სისტემა, რომელიც გააუმჯობესებს ქალაქის შიდა და გარე კავშირებს. ქვეითთა, ველოსიპედისტთა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, გაძლიერდება ქალაქის კავშირი რეგიონულ და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებთან, რაც ხელს შეუწყობს ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური აქტივობისა და ცხოვრების ხარისხის ზრდას.

განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები

ახალციხის განვითარების პრიორიტეტები ორიენტირებულია ქალაქის კონკურენტუნარიანობის, სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებაზე. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული ეკონომიკური როლის განმტკიცებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას; ხარისხიანი, უსაფრთხო და ინკლუზიური ურბანული გარემოს შექმნას; თანამედროვე, ხელმისაწვდომი და ინტეგრირებული მობილობის სისტემის განვითარებას; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან გამოყენებას; ასევე კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი, ეკოლოგიურად მდგრადი და ჯანსაღი ქალაქის ჩამოყალიბებას.