ახალციხის გენერალური გეგმის ფარგლებში მრავალმხრივი დაინტერესებული მხარეების შეხვედრა გაიმართა
ახალციხის ქალაქის გენერალური გეგმის მომზადების ფარგლებში 2026 წლის 3 აპრილს გაიმართა მრავალმხრივი დაინტერესებული მხარეების სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დარგობრივი უწყებების, კერძო სექტორის, ტურიზმის სფეროსა და საკონსულტაციო გუნდის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო განვითარების ხედვისა და სცენარების განხილვა, ინსტიტუციური მოსაზრებების მიღება და სტრატეგიული მიმართულებების შემდგომი დახვეწა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ახალციხის განვითარების ძირითად საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა დონის დაგეგმარების კოორდინაციას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გენერალურ გეგმასთან ინტეგრაციას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებას, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის უკეთ გამოყენებას, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერასა და გარემოსდაცვით გამოწვევებს.
დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალაქის განვითარების წარმატებისთვის აუცილებელია ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი გეგმების ურთიერთშეთანხმება, საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, არსებული საინვესტიციო პროექტების კოორდინაცია და ახალციხის ეკონომიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანი გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, ლოგისტიკისა და აგროსექტორის განვითარების მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრის შედეგები გამოყენებული იქნება განვითარების სცენარების საბოლოო შეფასების, სტრატეგიული მიმართულებების შერჩევისა და ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების პროცესში.