ახალციხის გენერალური გეგმის კონცეფციაზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა
ახალციხის ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების ფარგლებში 7–8 ივლისს გაიმართა ორდღიანი სამუშაო პროგრამა, რომელიც მოიცავდა საველე ვიზიტსა და დაგეგმვის ლაბორატორიას (Planning Lab). შეხვედრების მიზანი იყო ქალაქის სივრცითი განვითარების კონცეფციის დახვეწა ადგილობრივი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის გათვალისწინებით.
პირველ დღეს საკონსულტაციო გუნდმა მოინახულა რაბათისა და ნარდის ისტორიული უბნები, ისტორიული განაშენიანების არეალები და ქალაქის ტურისტულ ცენტრში არსებული ძირითადი სატრანსპორტო კვანძები. დღის ბოლოს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ახალციხის ისტორიკოს რევაზ ანდღულაძესთან, სადაც განიხილეს ქალაქის ისტორიული განვითარების ეტაპები, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და ის საკითხები, რომლებიც გენერალური გეგმის კონცეფციის მომზადებისას განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
8 ივლისს ახალციხის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა დაგეგმვის ლაბორატორია, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, არქიტექტურის სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს ქალაქის განვითარების მთავარ გამოწვევებზე, სივრცითი განვითარების პრინციპებზე და სამუშაო ჯგუფებში იმუშავეს ფუნქციური ზონირების შესაძლო მოდელებზე. ასევე განიხილეს ტაქტიკური ურბანიზმის მიდგომა და მცირე მასშტაბის სივრცითი ინტერვენციების გამოყენების შესაძლებლობები ქალაქის განვითარების პროცესში.
სამუშაო შეხვედრების შედეგები გამოყენებული იქნება ახალციხის გენერალური გეგმის კონცეფციის საბოლოო ჩამოყალიბების პროცესში და ხელს შეუწყობს ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას.