ახალციხის გენერალური გეგმის ფარგლებში ადგილობრივი საზოგადოების ხედვები და პრიორიტეტები შეჯამდა
ახალციხის ქალაქის გენერალური გეგმის მომზადების ფარგლებში 2026 წლის 18 მარტს, სასტუმრო „ახალციხე ინში“, გაიმართა ადგილობრივი თემის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ქალაქის განვითარების მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ხედვებისა და მოსაზრებების თავმოყრა, რაც გენერალური გეგმის ხედვის ეტაპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების, ბიზნესის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, ინფრასტრუქტურის სფეროების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები. შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით ჩატარდა და მოიცავდა პრეზენტაციას, ჯგუფურ მუშაობასა და ქალაქის სივრცით რუკაზე განვითარების იდეების აღნიშვნას. დისკუსიები მიმდინარეობდა GOST-ის მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომლის დახმარებითაც მონაწილეებმა განსაზღვრეს განვითარების მიზნები, ამოცანები, სტრატეგიული მიმართულებები და პრაქტიკული ქმედებები.
შეხვედრის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალციხის მთავარ უპირატესობებად მიიჩნევა მისი სტრატეგიული მდებარეობა, კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივი რესურსები, ტურისტული პოტენციალი და რეგიონული ცენტრის ფუნქცია. ამავე დროს, მონაწილეებმა მთავარ გამოწვევებად დაასახელეს ქაოტური განაშენიანება, ინფრასტრუქტურული პრობლემები, მობილობის შეზღუდვები, გარემოსდაცვითი საკითხები და ეკონომიკური განვითარების არსებული ბარიერები.
ადგილობრივი საზოგადოების ხედვა ერთიანია და ახალციხის განვითარებას მრავალფუნქციური, ეკონომიკურად ძლიერი და კომფორტული ქალაქის მიმართულებით ხედავს. პრიორიტეტებად გამოიკვეთა ტურიზმის განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, კულტურული მემკვიდრეობის ეფექტიანი გამოყენება, მწვანე სივრცეების განვითარება და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბება.
სამუშაო შეხვედრის შედეგები საფუძვლად დაედება ქალაქის გენერალური გეგმის მომდევნო ეტაპებს და გამოყენებული იქნება განვითარების სტრატეგიისა და პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრის პროცესში.

